ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის მიიღოს და მოემსახუროს მილიონ ტურისტს.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმისა და კურორტების საკითხების მინისტრმა ავთანდილ ღარწკიამ განუცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის პროგნოზირება რთულია, ვინაიდან ის მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ეს იქნება ამინდი, ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა თუ სხვა.
,,მიუხედავად ამისა, საგულისხმოა, რომ ჩვენი უწყების გარდა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოებიც მთელი დატვირთვით მუშაობენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ტურისტების სიმრავლით ამ წლის მაჩვენებლები წინა წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს და ერთდღიან ექსკურსიაზე ჩამოსულთა ჩათვლით, მიმდინარე სეზონისთვის აფხაზეთში მილიონ დამსვენებელს ველოდებით.“ - განაცხადა ღარწკიამ.
მისი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთს გასულ წელს 650 ათასამდე ტურისტი ეწვია და მათგან 500 ათასმა კერძო სექტორში დაბინავება არჩია.
,,ჩვენ ყველანაირი პირობები უნდა შევქმნათ, რათა ტურისტებმა კომფორტულად დაისვენონ. ამისათვის კი საჭიროა საზღვარზე გადმოსვლის რეჟიმის გამარტივება, სამგზავრო ტრანსპორტის გამართვა, სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქალაქის სისუფთავის დაცვა და ინფრასტრუქტურის მოწყობა.“ - აღნიშნა ავტანდილ ღარწკიამ და ჟურნალისტებს აცნობა, რომ საკურორტო სეზონის დასაწყისისთვის ყველა ეს პირობა მოგვარებული იქნება.
მისი განცხადებით, დღეისთვის აფხაზეთში 100 სასტუმრო და პანსიონატი ფუნქციონირებს, რომელთაც 15 ათასზე მეტი სტუმრის მიღება შეუძლიათ.
რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთის კურორტებმა 2015 წლისთვის რუს ტურისტებს შორის პოპულარობის მხრივ მესამე ადგილი დაიკავეს.
ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში, აფხაზეთის კურორტების მიმართ განსაკუთრებული ინტერესით თათრეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოირჩევიან.