2015 წლის ივნისიდან სოხუმი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით სამგზავრო მატარებელი ივლის.
ამის შესახებ აფხაზურ საინფორმაციო საშუალებებს ,,აფხაზეთის რკინიგზის“ გენერალური დურექტორი გურამ გუბაზი ესაუბრა.
მისი განცხადებით, პირველი სარკინიგზო რეისი პეტერბურგიდან სოხუმისკენ 29 მაისს ნაშუაღამევს გამოვა და ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქში 1 ივნისს დილის 9 საათის მერე ჩავა.
სოხუმიდან სანკტ-პეტერბურგისკენ კი მატარებელი კენტ რიცხვებში, საღამოს 19 საათსა და 46 წუთზე გავა.
როგორც გუბაზი იუწყება, რეისები სოხუმსა და პეტერბურგს შორის სავარაუდოდ საკურორტო სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.
,,აფხაზეთის რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მოადგილის იგორ მარღანიას თქმით, სამგზავრო ვაგონებში კომფორტი ყოველწლიურად მატულობს.
,,ადრე მატარებლის შემადგენლობა მოძველებული იყო, ვაგონებში ფანჯრები არ იღებოდა და ზაფხულში მგზავრობა აუტანელი ხდებოდა. ახალი შემადგენლობის ვაგონები ბევრად კომფორტულია, აღჭურვილია კონდიციონერით, მუშაობს ბიოტუალეტი. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში უსაფრთხო გადაადგილებაზე ბევრი არ იტყვის უარს.
სოხუმი-პეტერბურგის რეისის შემადგენლობაში სულ 18 ვაგონი იმოძრავებს.“ - აღნიშნა მარღანიამ.
რაც შეეხება სოხუმი-მოსკოვის სარკინიგზო რეისს, ,,აფხაზეთის რკინიგზის“ წარმომადგენელთა ცნობით, ის ყოველდღიურად შესრულდება.
ბილეთის ფასი მოსკოვამდე, პლაცკარტის ვაგონზე 3 170 რუბლი იქნება, ხოლო - კუპე 5 200 რუბლი ეღირება.
პეტერბურგის რეისზე კი პლაცკარტის ბილეთის ფასი 4 155 რუბლი, ხოლო კუპე - 6 930 რუბლი იქნება.