სოხუმში, ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობის წინ არსებულ პარკს თავისუფლების პარკი დაარქვეს, რაც ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებამ ზეიმით აღნიშნა.
პარკისთვის სახელის მინიჭების ინიციატივა ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელმაც, შესაბამისი თხოვნით, სოუმის მერიას ერთი თვის წინ მიმართა.
ქალაქის ხელმძღვანელობამ ნებართვის გაცემა არ დააგვიანა და სახელის მინიჭების ცერემონიალი ე. წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 12 მაისს გაიმართა.
ცერემონიალს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ არძინბას საიუბილეოდ პარკისთვის თავისუფლების სახელის დარქმევა, სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან სიტყვა თავისუფლებას და თავიანთი პირველი პრეზიდენტის სახელს მათთვის ერთნაირი დატვირთვა აქვს.
,,ვლადისლავ არძინბას სახელი აფხაზი ხალხისთვის თავისუფლების სინონიმია. მან მიგვიყვანა ნანატრ გამარჯვებამდე. ვლადისლავ განმათავისუფლებელმა სიცოცხლეშივე დაიბარა, რომ მისთვის არავითარი ძეგლი და მემორიალი არ დაედგათ. ასეთი თავმდაბლობა დაბადებიდან დომინირებდა მის ხასიათში.” - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა ასლან კობახიამ.
არძინბას ,,მოუთვლელ” სამხედრო და საზოგადოებრივ ,,ღვაწლზე” ისაუბრეს სხვა მისმა თანამებრძოლებმა და თანამოაზრეებმაც.
,,მან მართლაც დაიბარა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ არავითარი ძეგლი არ დაედგათ მისთვის, მაგრამ რაც ახლა კეთდება, ეს ყოველივე მარტო ვლადისლავ არძინბას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად არ ხდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იცოდნენ მისი დამსახურებების შესახებ და მის მაგალითზე სწორი ორიენტირები გააკეთონ.” - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა სერგეი შამბამ.