ევროსაბჭოს მიერ, გუშინ, საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა რეზოლუციამ ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენელთა ყურადრებაც მიიქცია. მათ ევროპელების მოქმედება დაგმეს და საქართველოს მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.
,,ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს საშუალება, თვალყური ვადევნოთ, მრავალრიცხოვანი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები როგორ მიჰყვებიან საქართველოს ხელისუფლების სადავეებს და როგორ იღებენ მითიური ხასიათის დოკუმენტებს, რომელთაც არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.“ - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების უფროსმა ირაკლი ტუჟბამ.
მისი აზრით, სამწუხაროა, რომ ისეთი პატივსაცემი საერთაშორისო ორგნიზაცია, როგორიც ევროპის საბჭოა, მსგავსი სახის უფუნქციო დოკუმენტს იღებს, რომელიც სრულად უგულვებელყოფს რეგიონში არსებულ რეალიებს და მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე არის ნაკარნახევი.
,,გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქართველ კოლეგებს და მათ ევროპელ მფარველებს, რომ აფხაზმა ხალხმა თავისი ისტორიული არჩევანი, საქართველოსგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების შესახებ, უკვე გააკეთა და აფხაზეთმა საერთაშორისო საზოგადოების საღადმოაზროვნე, ადეკვატურ და არაანგაჟირებულ ნაწილს თავისი თვითმყოფადობა და სიცოცხლისუნარიანობაც დაუმტკიცა.“ - განაცხადა ტუჟბამ.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გუშინ მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროსაბჭო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
გადაწყვეტილებაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთსა და დე ფაქტო მთავრობებს შორის გაფორმებული ეგრეთწოდებული ხელშეკრულებები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, არ აქვს იურიდიული ძალა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ვალდებულებებს.