რუსული ნავთობკომპანია ,,როსნეფტის” მესვეურებმა, ოკუპირებული აფხაზეთის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, სხვადსხვა პროექტის დაფინანსების სურვილი გამოთქვეს. ამის შესახებ, აფხაზ ჟურნალისტებთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა არტურ მექვაბიამ განაცხადა.
მისი თქმით, ,,როსნეფტსა” და სოხუმის რეჟიმს შორის ამ თემაზე მოლაპარაკებები გაიმართა და კომპანია მზად არის, ოკუპირებული აფხაზეთის სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები ჩადოს.
მექვაბიას განმარტებით, კონკრეტული ციფრები არ დასახელებულა, მაგრამ სავარაუდოდ საუბარი დიდ თანხას ეხება. ამასთან, თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროეტქტების განხორციელების საკითხებშიც გაგრძელდება. რაც ყველაზე მთავარია, ,,როსნეფტმა” პორტის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილიც გამოთქვა.
არტურ მექვაბიასგან ცნობილი გახდა ასევე, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება რუსული კომპანიისთვის ბიჭვინთაში ადგილს გამოყოფს, სადაც ,,როსნეფტი” დასასვენებლ სახლს ააშენებს.
ნავთობკომპანია მზადაა სოხუმში ახალი, თანამედროვე ნავთობაზაც მოაწყოს, ვინაიდან ადრე აშენებული ბაზა საკმაოდ მოძველებულია.
,,როსნეფტი” ოკუპირებულ აფხაზეთში 2009 წლიდან მოქმედებს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროებში თანამშრომლობენ.
ნავთობკომპანიას, გადასახადების სახით, წელიწადში ოკუპირებულ აფხაზეთის ბიუჯეტში 150 მილიონი რუბლი შეაქვს.