ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების წარმომადგენლობები საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ღონისძიებას ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფუხაევი, ე. წ. პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი როდიონ სიუკაევი და სხვა ოფიციალური პირებიც ესწრებოდნენ.
,,წარმომადგენლობების გახსნა, ეს არის ამ რესპუბლიკების სამართლიანობისთვისა და თვითმყოფადობისთვის ბრძოლის გზაზე მათი აღიარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სამხრეთ ოსეთმაც ასე იბრძოლა თავისი დამოუკიდებლობისთვის და ამ გზაზე მრავალი სირთულე გამოიარა. ჩვენ სოლიდარობას გიცხადებთ და მხარს ვუჭერთ თქვენს სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ.”- განუცხადა სეპარატისტ სტუმრებს ფუხაევმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ცხინვალში დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების წარმომადგენლობების გახსნა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ რესპუბლიკების აღიარებას ხელს შეუწყობს.
თავის მხრივ, ცხინვალში ჩასულმა დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე კოფმანმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მხრიდან მათ აღიარებას ,,ისტორიულად მნიშვნელოვანი” მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ყველა მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
,,სამხრეთ ოსეთმა ჩვენი სახით, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, საიმედო პარტნიორი შეიძინა.” - განაცხადა კოფმანმა.