ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ,,გაყინული კონფილქტების” შესახებ, ახალი ქვეკომიტეტის შექმნის იდეა, ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციასთან არსებული ექსპერტთა დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ხინთბას თქმით, უცნობია, თუ რა რეკომენდაციებს გასცემს გაყინულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ახალი ქვეკომიტეტი, მაგრამ ის კი ნათელია, რომ ამ რეკომენდაციებს აფხაზეთთან საერთო არაფერი ექნება.
ხინთბას განმარტებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ მტრული განწყობით ყოველთვის გამოირჩეოდა.
,,ჩვენ გვახსოვს, თუ რამდენჯერ მოითხოვა ასამბლეამ რუსეთისგან აფხაზეთის აღიარების უკან გათხოვა, როგორი ანგაჟირებით აფასებდნენ იქ რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობის შესახებ დადებულ დოკუმენტს და რამდენად ცალმხრივი და მტრული იყო ჩვენს შესახებ მათი მოხსენებები ყოველთვის.” - აღნიშნა აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში ხინთბამ.
მისი თქმით, ეს ორგანო მხოლოდ ,,ბოლის გაშვების” მიზნით არის შექმნილი, ვინაიდან ასამბლეასა და ევროპარლამენტში უფრო მეტად ევროპული პოლიტიკის რადიკალური ძალები არიან თავმოყრილი.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ,,გაყინულ კონფლიქტებთან” დაკავშირებული ახლი ქვეკომიტეტის შექმნის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
ახალი ქვეკომიტეტი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად შეიქმნება, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს იმ კონფლიქტურ რეგიონებზე, სადაც აქტიური შეიარაღებული დაპირისპირება დასრულებულია, თუმცა, ისეთი სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის არ მიღწეულა, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს.