საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს და მის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის ფაქტს, ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
,,აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი, სუვერენული და საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყნები არიან, რომელთაც სხვადსხვა სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთოებები აკავშირებთ.” - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფხაზური უწყების თქმით, ,,მათი ქვეყანა” საერთაშორისო კავშირებს აქტიურად ავითარებს და ახალ პარტნიორებს იძენს, რისი მაგალითიც რუსეთის ფედერაციისა და გაერო-ს სხვა სახელმწიფოების მიერ მათი სუვერენიტეტის აღიარებაა.
ამიტომ, ,,აფხაზი დიპლომატები” ქართულ მხარეს შეახსენებენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის ის ფორმატი, რომელსაც საქართველო იზიარებს, 1993 წლიდან არ არსებობს.
,,სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ჯერ კიდევ წარსულის სტერეოტიპებით ცხოვრობს და არამარტო თავად ინახავს საქართველოს ,,ტერიტორიული მთლიანობის” შესახებ არარსებულ მითს, არამედ ცდილობს, სხვა ქვეყნებსაც თავს მოახვიოს ის. კერძოდ, ხელს აწერს მსგავს არაფრისმთქმელ და არსებული პოლიტიკური რეალობისთვის შეუფერებელ დოკუმენტს.” - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, 24 აპრილს, საქართველოს და ბელორუსიის პრეზიდენტებმა თბილისში ხელი მოაწერეს 15 პუნქტიან ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთი პუნქტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და მისი საზღვრების ხელშეუხებლობას ითვალისწინებს.