ჟენევის დისკუსიებში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და მისი მრჩეველი ჰაილი მამო სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხჯიმბას შეხვდნენ.
მათ, ამირეკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების 31-ე რაუნდის განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო გალის რაიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჭუბურხინჯის ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენის შესაძლებლობებს და გაერო-ს მხრიდან გალის რაიონის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის საკითხებს.
,,ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჟენევის დისკუსიებს. მიუხედავად სირთულეებისა, დღეს ეს ერთადერთი არენაა, სადაც კონფლიქტების მოგვარებაზე საუბარი შეიძლება.
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მიმდინარეობისას ჩვენ გვინდა, ხუთმხრივი შეხვედრების ფორმატის აღდგენის საკითხი დავაყენოთ.
ასევე გვსურს, განვიხილოთ გალის რაიონის განვითარებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები და ის მხარეები, რაშიც მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა შეგვიძლია.” - განაცხადა გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა.
ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობას ხაზი ხაჯიმბამაც გაუსვა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს, კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგი ჩიხში შევიდა, მაგრამ ამ მდგომარეობიდან მალევე უნდა გამოვიდნენ.
,,ვისურვებდი, რომ ჟენევის დისკუსიები ტრადიციულ შეხვედრებად არ გადაიქცეს, სადაც მხოლოდ პრობლემებზე საუბარი მიმდინარეობს და არც ერთი საკითხი არ წყდება.
მე მჯერა, რომ მხარეებს უნდათ, პროცესები პოზიტიური იყოს, მაგრამ დისკუსიების უსასრულოდ გაგრძელებაც არ არის საუკეთესო გამოსავალი.” - აღნიშნა უცხოელ სტუმრებთან საუბრისას ხაჯიმბამ.
რაც შეეხება გალის რაიონის მოსახლეობას, რაულ ხაჯიმბას თქმით, მათი უმეტესობა ხმამაღლა აცხადებს, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.
,,თუმც ჩვენ ეს არ გვაშინებს. პირიქით, ვცდილობ, ეს ხალხი ფხაზეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში აქტიურად ჩავრთოთ და ამ ტერიტორიაზე მათთვის უსაფრთხო ცხოვრების პირობები შევქმნათ.” - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა.