ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ანზორ გოოვი გუშინ სოხუმში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწეს ანატოლი გულინს შეხვდა.
საუბარი ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევას, მათი ჯანმრთელობის დაზღვევის და აფხაზი მედპერსონალის გადამზადების საკითხებს შეეხო.
ანატოლი გულინის თქმით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობა შეისწავლეს და გარემონტებული შენობების შესახებ დამაკმაყოფილებელი დასკვნები დადეს.
,,სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტი, ფსიქიატრიული კლინიკის და ონკოლოგიური დისპანსერის რეკონსტრუქცია მაღალ დონეზეა ჩატარებული და ისინი თანამედროვე სამედიცინო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. უახლოეს პერიოდში ექსპლუატაციაში შევა განახლებული ტუბდისპანსერი, რომელიც, ჩემის აზრით, ასევე მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულება იქნება.” - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
მან ანზორ გოოვს შეატყობინა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ კლინიკებს რუსეთი მალე 400 მილიონი რუსული რუბლის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით მოამარაგებს. თუმცა, მისი თქმით, კვალიფიციური ექიმების და ახალი სამედიცინო აღჭურვილობის მოხმარების მცოდნე სპეციალისტების პრობლემა აფხაზეთში კვლავ აქტუალურია.
,,მხოლოდ განახლებული კლინიკები და თანამედროვე აპარატურა მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარისხს ვერ აამაღლებს.
დღეს აფხაზეთში საკმაოდ მწვავედ დგას სამედიცინო კადრების მომზადების პრობლემა.
ჩვენი დეპარტამენტი მუშაობს პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც აფხაზი მედიკოსები კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს რუსეთის წამყვან კლინიკებში გაივლიან.” - განაცხადა ანატოლი გულინმა.