იტალიური ჟურნალის ,, XIX საუკუნის” საერთაშორისო განყოფილების რედაქტორი რობერტო სკორჩელო თავისი გამოცემისთვის აფხაზეთის ისტორიის შესახებ ინფორმაციას აგროვებს.
იტალიური ჟურნალი ,,XIX საუკუნე” მე-19 საუკუნის ბოლოს დაარსდა და მასში ძირითადად ისტორიული ხასიათის მასალები იბეჭდება.
,,ჩვენი ჟურნალი მსოფლიო ისტორიაზეა ორიენტირებული, რაც საშუალებას მაძლევს სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაურო და მსოფლიო ხალხთა კულტურას გავეცნო.” - აცხადებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული იტალიელი ჟურნალისტი.
მას სოხუმში ჩასვლის იდეა იტალიაში ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აფხაზთა იტალიელმა სიძემ მაურო მურჯიამ მიაწოდა.
,,მე, როგორც ჟურნალისტს, დამაინტერესა, ჩამოვსულიყავი და გამეცნო ქვეყანა, რომელზეც ევროპული გამოცემები ასე ცოტას ლაპარაკობენ და წერენ.” - განაცხადა სკორჩელომ.
მისი თქმით, ინფორმაცია, რაც მან უცხოურ მედია საშუალებებში აფხაზეთზე მოიძია, ზედაპირულია და იმისათვის, რომ აფხაზეთის შესახებ ზუსტი მასალა მოეპოვებინა, საჭირო იყო, ერთხელ მაინც მოენახულებინა ეს მხარე.
,,შეიძლება მართალი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლონდონზე ან ბერლინზე სტატიის დაწერა სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლია, იმისათვის კი, აფხაზეთსა და აფხაზ ხალხზე რომ დაწერო, აუცილებელია საკუთარი თვალით ნახო, გაიცნო და დაელაპარაკო ადგილობრივ მცხოვრებლებს.
აქ, აფხაზეთში დინამიკა და უკეთესობისკენ სწრაფვა იგრძნობა.” - აღნიშნა მან აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში.
სკორჩელოს გეგმებში არამარტო იტალიელი მკითხველისთვის აფხაზი ხალხის გაცნობა, არამედ აფხაზეთის და გენუის მკვიდრთა შორის მსგავსებისა და მათი კავშირების შესახებ დაწერაც შედის.
იტალიელი ჟურნალისტის თქმით, გენუელებსა და აფხაზ ხალხს შორის აქამდე შეუსწავლელი კავშირი არსებობს და მან ისეთი სახელებისა და გვარების შესახებ გაიგო, რომლებიც იტალიურს ჩამოჰგავს.
,,ძალიან საინტერესო იქნებოდა არა მარტო სახელების და გვარების მსგავსების შესწავლა, არამედ აქაური და გენუელი ხალხის წეს-ჩვევებისაც, რაც აშკარად შესამჩნევია. ეს ფაქტი ორი ხალხის ერთმანეთთან დაახლოებას შეუწყობდა ხელს.” - მიიჩნევს რობერტო სკორჩელო.
ის ოკუპირებულ აფხაზეთში ორი დღე დარჩება და ამ მოკლე დროში მისთვის საჭირო მასალების მოგროვებას აპირებს.
სკორჩელოს თქმით, თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ეს პირველი ნაბიჯი იქნება.