აფხაზური საინფორმაციო წყაროების ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქის პასპორტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება და საბოლოო ვარიანტების შეჯერების შემდეგ მთავარი დოკუმენტის გაცემაც დაიწყება.
აფხაზურ პასპორტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები ოკუპირებული აფხაზეთის ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრ არტურ მექვაბიას ვიცე-პრემიერმა შამილ აძინბამ და რუსული კომპანია ,,გოზნაკის” წარმომადგენლებმა გუშინ გააცნეს.
აფხაზეთის ე. წ. მოქალაქის პასპორტებისა და ბინადრობის უფლების ბლანკებს, სწორედ, რუსული სახელმწიფო კომპანია ,,გოზნაკი” ამზადებს.
შეხვედრის მონაწილეებმა შესრულებული სამუშაო, პასპორტების გაცემის ახალი სისტემების ამოქმედებისა და მათი დანერგვის გზები განიხილეს.
მექვაბიამ, თავის მხრივ, ,,გოზნაკის” თანამშრომლებს ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს გამო მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ე. წ. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტების და ,,ბინადრობის უფლების” გაცემა ოკუპირებულ აფხაზეთში 2015 წლის იანვრიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სოხუმის რეჟიმმა პაპორტიზაციის საკითხში ერთობლივი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ვერ მიიღო.
ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე ყველაზე დიდ პრობლემად გალის რაიონის მოსახლეობის სტატუსის განსაზღვრა რჩება.
ადრე ითქვა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა ან პასპორტები გაჩნიათ, თავიანთი მოთხოვნის საფუძველზე ე. წ. ,,ბინადრობის უფლების” (Вид на жительство) მიღება შეეძლებოდათ. ეს დოკუმენტი მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და არჩევნებში ხმის მიცემის გარდა, სხვა აქტივობების უფლებას მისცემდა.
ბოლო დროს კი, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას ინიციატივით, გალის რაიონის მოსახლეობაში აღწერა ჩატარდა და მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ზუსტი რიცხვი გამოვლინდა, გალში ამბობენ, რომ რუსეთმა ამ რაოდენობის ,,ბინადრობის უფლების” ბლანკების დაბეჭდვაზე უარი განაცხადა.
მიზეზად კი გალის მოსახლეობის რიცხოვნობა და გასაწევი ხარჯების სიმცირე დაასახელა.