სოხუმსა და მოსკოვს შორის ,,აფხაზეთის მოქალაქეებისთვის” პენსიებისა და ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.
შეთანხმების თანახმად, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსია რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის საშუალო მაჩვენებლს გაუთანაბრდება, რომლის ოდენობაც 10 ათას რუბლს აჭარბებს.
ასეთ შემთხვევაში, აფხაზეთში მცხოვრებ 32 ათასზე მეტ ადამიანს ყოველთვიური ფულადი დახმარება 6 ათასი რუსული რუბლიდან 16 ათას რუბლამდე გაეზრდება.
თუმცა, რუსეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მაქსიმ ტოპილინის თქმით, პენსიების ზრდა ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში განხორცილდება.
ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პენსიონრებს პირდებოდნენ, რომ მაქსიმალურად მომატებულ პენსიებს 2015 წლის 1 იანვრიდან ყველა მათგანი მიიღებდა.
რაც შეეხება, საბიუჯეტო სამსახურებში მომუშავე მოქალაქეების ხელფასების მატებას, ტოპილინის განმარტებით, მიმდინარე წელს შრომითი ანაზღაურება 27 %-ით გაეზრდებათ: ექიმებს, მასწავლებლებს, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებს, კულტურისა და სოცილაურ მუშაკებს.
,,ამ მიზნით რუსეთი 275 მილიონ რუბლს გამოყოფს. შეიქმნება სამოქმედო გეგმა, რომლითაც მომავალში ვიხელმძღვანელებთ და ამ თემას ყოველწლიურად განვიხილავთ.” - აღნიშნა რუსეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინიტრმა.
აღნიშნული შეთანხმება მოსკოვსა და სოხუმს შორის ე. წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის შემავალი ნაწილია, რომელიც ,,აფხაზეთის მოქალაქეებისთვის” დროთა განმავლობაში სოციალური სტანდარტების ამაღლებას, სამედიცინო და სოციალური დაზღვევით უზრუნველყოფას, პენსიებისა და ხელფასების ზრდას და რუსეთის დონემდე აყვანას ითვალისწინებს.
საგულისხმოა, რომ ხელფასებისა და პენსიების მომატებას, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის მოსახლოებასაც პირდებოდა, მაგრამ მათ მიმდინარე წლის სამი თვის ხელფასი და პენსია, ძველი სტანდარტების მიხედვით აიღეს და ადგილობრივ ადმინისტრაციებში ეუბნებიან, რომ მათთვის შრომითი ანაზღაურებისა და ყოველთვიური დახმარების მომატების საკითხი გაურკვეველია.