ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება მსოფლიო არენაზე მათი აღიარების შეფერხების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და ხელისშემშლელ ფაქტორად თბილისის მიერ გატარებულ პოლიტიკას ასახელებს.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ გუშინ მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
ჩირიკბა რუსეთის დედაქალაქში ჟენევის დისკუსიების 31-ე რაუნდის შედეგების და ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხების განსახილველად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ჩავიდა.
პრეს-კონფერენციაზე მან დადებითად შეაფასა ჟენევის მორიგი შეხვედრა, რომელიც 16-17 მარტს გაიმართა და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან არსებული პრობლემები მოლაპარაკების მაგიდასთან ფართო სპექტრით განიხილება.
ამასთან, ჩირიკბამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ,,აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების” პროცესი შეფერხებულია და ამაში ბრალი საქართველოს ,,მიუძღვის.”
,,ეს რა თქმა უნდა საქართველოს და მისი მოკავშირეების, აშშ-სა და ევროკავშირის მოქმედების შედეგია. ისინი ჩვენს ნებისმიერ მოლაპარაკებას ყველანიარი გზით უშლიან ხელს და იმ ქვეყნებზე ზეწოლას ახდენენ, რომლებთანაც ჩვენ ურთიერთობის დალაგება შეგვიძლია.
ამიტომაც მოლაპარაკებების მკაცრად გასაიდუმლოება გვიწევს.” - განაცხადა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.