ოკუპირებული აფხაზეთის საპარლამენტო დელეგაცია, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პატრიარქ კირილს ეწვია და მასთან ერთად აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ე. წ. სტატუსი განიხილეს.
მოსკოვში ვიზტის შესახებ დელაგიციის წევრმა, აფხაზეთის ე. წ. პარლამენტის დეპუტატმა ვიაჩესლავ აგრბამ აფხაზ ჟურნალისტებთნ ისაუბრა.
როგორც აგრბა აცხადებს, აფხაზებს რუსეთის პატრიარქის მიერ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის დანიშვნის შესაძლებლობები და პერსპექტივა აინტერესებდათ.
მისი თქმით, პატრიარქი კირილი გაგებით მოეკიდა მათ ინტერესს და თქვა, რომ აფხაზეთის ეკლესიის ბედი მომავალში აფხაზურ საზოგადოებაზეა დამოკიდებული.
,,არ არის გამორიცხული, მომავალში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აფხაზეთის ეკლესიის ეპისკოპოსის ხელდასხმა გადაწყვიტოს.“ - განაცხადა ვიაჩესლავ აგრბამ და აღნიშნა, რომ ამის იმედი პატრიარქმა კირილმაც გამოთქვა. თუმცა, მანამდე საჭიროა, ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიაში მიმდინარე განხეთქილება მოგვარდეს და ერთმანეთს დაპირისპირებული მღვდელმსახურების შესარიგებლად რეალური გზები მოინახოს.
,,ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ჩვენი პრეზიდენტიც აპირებს მუშაობას. თუ ჩვენ ადგილობრივი ეკლესიის შიდა დაპირისპირებას მოვაგვარებთ, სრულიად სხვა ვითარება შეიქმნება და ჩვენი ეკლესიის აღიარებისთვის ახალი პერსპექტივები გაჩნდება.“ - განაცხადა აგრბამ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ამჟამად მოქმედ მღვდელმსახურებს შორის, რამდენიმე წელია, განხეთქილება არსებობს. ისინი პრორუსულ და პროაფხაზურ ბანაკებად არიან დაყოფილი და ერთმანეთს უპირისპირდებიან.