რიწაში დამხრჩვალი რუსეთის მოქალაქის ცხედრის სამძებრო ოპერაციებში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს 22 თანამშრომელი ჩაერთო. ამის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ლევ კვიწინია იუწყება.
მან რუსეთის მხარეს დახმარების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ტბაში დამხრჩვალი რუსი მოქალაქის, რუსეთის საბაჟო დეპარტამენტის ურალის განყოფილების უფროსის მოადგილის ვადიმ მიასნიკოვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები უშედეგოდ დასრულდა.
გუშინ საღამოს რიწის მისადგომებთან სამაშველო სამსახურებმა სპეციალური ბანაკი მოაწყვეს და ძებნის ოპერაცეიები, მეორე დღეა, გრძელდება. თვითმხილველების თქმით, მიასნიკოვი ტბაში 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში დაიხრჩო.
ტბის ფსკერის რთული რელიეფის გამო მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
რუსეთიდან ჩამოსულმა მაშველებმა სპეციალური ტექნიკა ჩამოიტანეს, რომელიც ძნელად მისადგომ ადგილებში ცხედრის ძებნას გააადვილებს. 46 წლის ვადიმ მიასნიკოვი რიწაში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ისვენებდა.