საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას და მის მიერ კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვის წარდგენას ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლობა გამოეხმაურა.
რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციასთან არსებული ექსპერტთა დეპარტამენტის თანამშრომელი თემურ შანავა მიიჩნევს, რომ საქართვლოს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული მსგავსი ტიპის განცხადებები, ვიდრე აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მიდგომა მოძველებულ ხედვებზე იქნება დაფუძნებული, სოხუმში დადებით დამოკიდებულებას ვერ გამოიწვევს.
,,ვიდრე საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ განვითარებულ რეალიებზე თვალს დახუჭავს და განაგრძობს იმ ფაქტის იგნორირებას, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მისი იზოლაციის პოლიტიკას ეწევა, მსგავს განცხადებებზე აფხაზური საზოგადოებიდან პოზიტიურ რეაქციას ნაკლებად უნდა ელოდოს.” - აღნიშნა შანავამ აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, 31 მარტს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა.
მან პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგზე წასვლა.
,,საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა საერთო მიზანს წარმოადგენს და ეს მიზანი ქართული პოლიტიკის ქვაკუთხედად დარჩება მის მიღწევამდე; ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის აღდგენის პროცესი ბუნებრივად გულისხმობს დევნილთა ნებაყოფლობით, ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას;- ამ მიზნების მიღწევის აუცილებელი პირობაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, რაც გზას გაუხსნის კონფლიქტების ურთიერთმისაღებ საფუძველზე მოგვარებას სადავო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი, რისთვისაც ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს; საქართველოს სურვილი და მიზანია, რომ ევროკავშირთან ასოცირებით, მასთან თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო გადაადგილებით წარმოქმნილი პრივილეგიები თანაბრად გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე.
ევროპული საქართველო საუკეთესო გარანტია იქნება აფხაზთა და ოსთა თვითმყოფადობის შენარჩუნების, მათი პოლიტიკური და კულტურული უფლებების რეალიზებისა.” - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.