ოკუპირებულ აფხაზეთში მეტროპოლიტენის პირველი 21 კილომეტრიანი ხაზი სოხუმიდან ახალ ათონამდე აშენდება.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს კომპანია ,,აპსნიმეტროპროექტის” გენერალურმა დირექტორმა ელქან აგბამ განუცხადა.
მისი თქმით, პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის უკვე არსებულ ინფრასტრუქტურაზე იქნება დაფუძნებული. ეს კი მშენებლობის ვადების და ღირებულების შემცირებას გამოიწვევს.
,,პირველ სადგურად ახალი ათონის მღვიმის არსებულ პავილიონს გამოვიყენებთ. პროექტი ,,ახალი ათონი - სოხუმი” მიწისქვეშა და მიწისზედა მონაკვეთებს მოიცავს. მისი მშენებლობის გაიაფებისთვის, მიწისქვეშა ნაწილის დაპროექტებისას უკვე არსებულ სარკინიგზო სავალ ნაწილს გაგავითვალისწინებთ.” - აღნიშნა აგბამ.
მეტროპოლიტენის პროექტის ღირებულება და მისი აშენების ვადები ჯერ-ჯერობით არ სახელდება.
რაც შეეხება დაფინანსებას, აფხაზეთში სატრანსპორტო სისტემის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი მეტროპოლიტენის ასაშენებლად თანხას კომპანია ,,როსვამინვესტი” გაიღებს.
კომპანიის ხელმძღვანელი გერასიმ უმისლოვი აცხადებს, რომ სოხუმიდან ახალ ათონამდე მეტროს გახსნა აფხაზეთში მეტროპოლიტენის განვითარების პირველი ეტაპია.
,,მომავალში, როცა სოხუმის აეროპორტის კომპლექსის რეკონსტრუქცია მოხდება, მეტროსადგური ბაბუშერაშიც გაიხსნება.” - აღნიშნა ინვესტორმა.