რამდენიმე დღის წინ აფხაზურმა საინფორმაციო წყაროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ნაწილის პრეს-სამსახურის ანგარიში გაავრცელეს, რომელშიც 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებია აღნიშნული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სამი თვის განმავლობაში სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის, რუსმა მესაზღვრეებმა 600-მდე ადამიანი დააკავეს.
,,სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის დაკავებულია 30 ადამიანი. 500-ზე მეტი მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, მათგან 320 ადამიანი აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა.” - ნათქვამია პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ,,ფსბ” - ს მესაზღვრეების მიერ ერთი კვარტლის განმავლობაში სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარზე ამოღებულია 5 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 700 ერთეულამდე საბრძოლო მასალა და 3 ხელნაკეთი ყუმბარა.
პრეს-სამსახურის ცნობით, 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე ენგურის ცენტრალურ ხიდზე 200 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა, მათგან მხოლოდ 62-მა ვერ მიიღო ,,საზღვრის გადაკვეთისთვის საჭირო თანხმობა.” ასევე, გამოვლინდა 3 შემთხვევა, როცა პირები სხვისი პასპორტით აპირებდნენ ,,საზღვრის გადაკვეთას.”
,,დაკავებული ადამიანები, კონტრაბანდული საქონელი, იარაღი და საბრძოლო მასალა, შესაბამისი კანონის საფუძველზე, შემდგომი რეაგირებისთვის აფხაზურ მხარეს გადავეცით.” - აცხადებს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ,,ფსბ” - ს სასაზღვრო დეპარტამენტის პრეს-სამსახური.
აქვს თუ არა ქართულ მხარეს ამ ცნობების გადამოწმების საშუალება და რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს რუსეთის ,,ფსბ” -ს მიერ გავრცელებული მონაცემები, ამის შესახებ განმარტება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურს ვთხოვეთ.
,,მიმდინარე წელს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით 110 პირის უკანონო დაკავების ფაქტი იქნა იდენტიფიცირებული.
აღსანიშნავია, რომ ზემო აღნიშნული უკანონო ბრალდებით დაკავებულთა უმრავლესობა ოკუპირებული გალის რაიონის ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის, რომლებიც გადაადგილების თავისუფლების კუთხით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ასევე მნიშვნელოვნად იზღუდებიან.” - ნათქვამია შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სამწუხაროდ, ვინაიდან აღნიშნულ რეგიონში ამჟამად საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, გადავამწმოთ, რამდენად მართალია ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ნაწილის ანგარიშში მოცემული ფაქტები ან რა ზომები გატარდა მათ მიერ დაკავებული ადამიანების მიმართ.