ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას განცხადებით, მის რაიონში გამოკითხული 18 ათასი მცხოვრებიდან 17 ათასმა ადამიანმა აღიარა, რომ საქართველოს მოქალაქეა.
პასპორტიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების გამოსავლენად, გალის რაიონის მოსახლეობაში სპეციალური გამოკითხვის ჩატარების ინიციატორი თავად ნადარაია იყო.
ამის შესახებ მან გუშინ, სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
,,გალის რაიონის 18 სოფელში მცხოვრები 18 071 ადამიანის გამოკითხვიდან გაირკვა, რომ მათგან 17 372 საქართველოს მოქალაქეა, აფხაზურ პასპორტს კი 7 127 ადამიანი ფლობს. 593-მა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ, ხოლო 106-მა გამოკითხულმა თქვა, რომ მათ მხოლოდ რუსეთის მოქალაქის პასპორტი აქვთ.
სოფლების ადმინისტრაციების სააღრიცხო წიგნების მონაცემებით, გალის რაიონში სულ 24 605 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქ გალში, დაახლოებით 7 ათასი ადამიანია აღრიცხული, თუმცა ისინი ჯერ არ გამოკითხულან.” - განაცხადა ნადარაიამ.
მისი თქმით, ეს მონაცემები ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ,,უცხოეთის მოქალაქის სტატუსის შესახებ”კანონი დროულად მიიღოს, რის შემდეგაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებზე შესაბამისი დოკუმენტი გაიცემა, რომელიც მათ თავიანთ კუთხეში მშვიდად ცხოვრების საშუალებას მისცემს.
ერთადერთი, რისი უფლებაც არ ექნებათ, ესაა ოკუპირებული აფხაზეთის არჩევნებსა და სხვა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა.
ნადარაიას ცნობით, დღეისთვის გალის რაიონის მცხოვრებთაგან არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 280 ადამიანს აქვს.
გამოკითხვაში მონაწილე მოსახლეობის გულწრფელობასთან დაკავშირებით თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ წარსულში მათი უნდობლობა წინა მთავრობის დანაშაულებრივ ქმედებებზე მიუთითებს.
,,როცა შეიძლებოდა ამ ადამიანებთან მშვიდი ურთიერთობის დამყარება, რა საჭირო იყო ვითარების დაძაბვა? როცა ჩვენ მათ მეგობრულად მივუდექით, ხალხმა ყველა კითხვაზე გულწრფელად გვიპასუხა და არც საქართველოს მოქალაქეობა დაუმალავთ.
მინდა, მადლობა გადავუხადო გალელებს ასეთი აქტიურობისთვის.
ვხედავთ, რომ ხალხს წესრიგი მოენატრა და მათ ჩვენს მიმართ ნდობა გაუჩნდათ. ახლა ჩვენი ჯერია და იმედები არ უნდა გავუწბილოთ.” - აღნიშნა გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.