გალის რაიონის 11 სკოლა მომავალი სასწავლო წლიდან სწავლების აფხაზურ პროგრამაზე გადავა.
ამის შესახებ გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
,,იზრდება თაობა, რომელმაც საქართველოსკენ კი არ უნდა გაიწიოს, არამედ, ჩვენთან ერთად აფხაზური სახელმწიფო უნდა აშენოს
დღეს რაიონის 11 სკოლაში სწავლება საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამით, მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობს.” - აღნიშნა მან.
მისი თქმით, სკოლის დამთავრების შემდეგ, ის მოსწავლეები, რომლებმაც მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოებით მიიღეს განათლება, აფხაზეთს სარგებლობას ვერ მოუტანენ.
ნადარაიას მიაჩნია, რომ გალის რაიონის სკოლებში შეუძლებელია სწავლება მომავალშიც იმ წიგნებით გაგრძელდეს, რომელშიც წერია, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.
ადმინსტრაციის ხელმძღვანელმა აფხაზ ჟურნალისტებს აუწყა, რომ 2015 წლის სექტემბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, გალის რაიონის ის სკოლები, სადაც დღეს ქართულ ენაზე სწავლება მიმდინარეობს, აფხაზურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადავლენ.
მან გალის რაიონის განათლების განყოფილების გამგე მკაცრად გააფრთხილა და დაავალა, რომ ისინი აუცილებლად აფხაზურ სასწავლო პროგრამაზე გადაერთონ და მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოები გამოიყენონ.
ქართული სახელმძღვანელოების წინააღმდეგ, ორიოდე კვირის წინ, გალში ჩასული რაულ ხაჯიმბაც გამოვიდა და გალის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული მხარის იდეოლოგიის მატარებელ წიგნებს ისინი ვერ შეეგუებიან, თუმცა მშობლიური ენის შესწავლას არავის აუკრძალავენ.
ნადარაიას დღევანდელი გამოსვლის შემდეგ, უცნობია, მომავალი წლიდან რა ფორმით და სტატუსით მოხდება გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სესწავლა.