ოკუპირებული აფხაზეთის ახალი პრემიერ-მინისტრი არტურ მექვაბია ახალი მინისტრთა კაბინეტის პერსონალურ შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაასახელებს.
,,დაწყებულ საქმეს მე ყველასთან ერთად გავაგრძელებ. ამ პოსტზე ჩემი დანიშვნა ჩემთვის ძალზე მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, რომ შეიძლება მომილოცოთ და მითანაგრძნოთ კიდეც.” - განუცხადა აფხაზ ჟურნალისტებს მექვაბიამ და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ მთავრობას მუშაობის თანამედროვე სტილზე გადაიყვანს.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ის მისი წინამორბედის მიერ არასათანადო დამოუკიდებლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, მექვაბიამ აღნიშნა, რომ არ იცის, რას გულისმხობდა ბესლან ბუთბა ,,არასათანადო დამოუკიდებლობაში.”
,,რაც შეეხება ჩემს უფლება-მოვალეობებს, ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს მე მივიღებ და მათზე პასუხისმგებელიც მე ვიქნები. თუმცა, გარწმუნებთ, ისეთი გადაწყვეტილებები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებს, მიღებული არ იქნება.” - განაცხადა მან.
აფხაზი ჟურნალისტები იმ პროექტების ბედითაც დაინტერესდნენ, რომლების განხორციელებაზეც ყოფილი პრემიერის ბესლან ბუთბას დროს იყო საუბარი. საქმე ეხება აფხაზეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, ყირიმისთვის მტკნარი წყლის მიწოდების და ერთობლივად სასმელი წყლის ჩამოსხმის წარმოებასა და სხვა გეგმებს.
არტურ მექვაბიამ განაცხადა, რომ ყველა პროექტს გადახედავს და მათგან ეკონომიკურად მომგებიანებს ძალაში დატოვებს.