ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მინისტრთა კაბინეტს მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არტურ მექვაბია წარუდგინა.
,,ჩვენ ასე მუშაობას ვერ გავაგრძელებთ, მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. კონკრეტულ პერსონებს სერიოზულ მოთხოვნებს წავუყენებთ. მჯერა, რომ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ყველანი გადადგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც ჩვენს ქვეყანაში დადებით ცვლილებებს გამოიწვევს.” - განაცხადა ხაჯიმბამ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე.
ოკუპირებული აფხაზეთის ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ე. წ. პრეზიდენტს გაწეული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მის წინაშე ძალიან ძნელი და საპასუხისმგებლო ამოცანები დგას.
,,დავალება ძნელია, მაგრამ ჩვენ მას შევასრულებთ და ჩვენი სახელმწიფოც ეფექტურად განვითარდება.” - განაცხადა მექვაბიამ.
არტურ (ზაურ) მექვაბია 1949 წელს დაიბადა, დამთავრებული აქვს კვების პროდუქტების წარმოების საკავშირო ინსტიტუტი, 1991-92 წლებში სამეწარმეო საქმიანობას აფხაზეთში ეწეოდა.
1992 წლიდან 2004 წლამდე ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც ნავთობკომპანია ,,იუკოსის” რეგიონალური მენეჯერის თანამდებობა ეკავა.
2009 წელს აირჩიეს ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატად.