2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 30 იანვრამდე ოკუპირებულ აფხაზეთში 250 ათასამდე ე. წ. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის გაცემა იგეგმება.
ამის შესახებ, ახალი ნიმუშის პასპორტების პრეზენტაციაზე, რუსული სახელმწიფო კომპანია ,,გოზნაკ”-ის გენერალურმა დირექტორმა ვიქტორ ბარილკინმა განაცხადა.
მისი თქმით, პასპორტების ესკიზები აფხაზმა მხატვრებმა შექმნეს და მათ კომპანიას დასამუშავებლად გადაუგზავნეს. აფხაზეთის მოქალაქის ახალი პასპორტების და ბინადრობის უფლების საბოლოო ვარიანტის ნიმუშები კი ბარილკინმა სოხუმში თავად ჩაიტანა და ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა.
,,ჩვენთვის ეს დიდი პატივია. აფხაზ პარტნიორებთან მუშაობა გულწრფელად გვსიამოვნებს.” - აღნიშნა კომპანია ,,გოზნაკ”-ის გენერალურმა დირექტორმა.
როგორც ბარილკინი აცხადებს, ახალი ნიმუშის პასპორტები უცვეთობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მფლობელის პერსონალური მონაცემებიც თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოყენებით მეტად დაცული იქნება.
ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის წევრებმა წარდგენილი ნიმუშები მოიწონეს.
ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტში შესაბამისი ორგანოებისთვის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ისეთი საშუალებების პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესში გამოიყენება.
გაეცვნენ, ასევე, საპასპორტო კონტროლის ახალ სისტემებსაც.
პასპორტიზაციის პროცესის გასამარტივებლად, ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქებასა და რაიონებში სულ 13 პუნქტი გაიხსნება, სადაც დოკუმენტების მიღება-გაცემა იქნება შესაძლებელი.
,,ამ პუნქტებში ყველა ჩვენს თანამოქალაქეს შეეძლება ჩააბაროს საბუთები, დაწეროს განცხადება და აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი ან ბინადრობის ნებართვა აიღოს.” - განაცახადა ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინიტრის მოვალეობის შემსრულებელმა შამილ აძინბამ.
მისი განმარტებით, ახალი პასპორტების საფასური მხოლოდ 135 რუბლი იქნება, ხოლო ბინადრობის უფლების მოპოვება 188 რუბლი ეღირება.