უცნობმა პირებმა, 17 მარტს გვიან ღამით სოხუმში, ყოფილი ფრუნზეს (ამჟამად აიდგილარას) ქუჩაზე გაჩერებულ Mercedes–GL-ის მარკის ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს.
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური პროკურატურის გენერალური ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორსს რუსლან გოგუას ეკუთვნოდა.
მომხდარზე სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
აფხაზი სამართალდამცავები გენპროკურატურის თანამშრომლის მანქანის დაწვას განიხილავენ, როგორც პროკურატურის ორგანოებზე ზეწოლის მცდელობას.
აფხაზური საინფორმაციო წყაროების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში ამჟამად საკმაოდ ხმაურიანი კორუფციული სქემების გამოძიება მიმდინარეობს. რუსლან გოგუა კი სწორედ იმ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, საიდანაც ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე სისხლის სამართლის საქმეები გენპროკურატურაში მოხვდა.