ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მინისტრთა კაბინეტის და ზოგიერთი სახელმწიფო უწყების მუშაობით უკმაყოფილოა.
ამის შესახებ მან გუშინ, სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
,,მინისტრთა კაბინეტი ბოლომდე ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენს წინაშე დგას. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უმოკლეს დროში ვითარება უნდა შეიცვალოს.” - აღნიშნა ხაჯიმბამ აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტისა და პრეზიდენტის აპარატის ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია ორივე სტრუქტურის გაერთიანება.
,,ჩვენ ახლა მხოლოდ ქაღალდები დაგვაქვს კაბინეტიდან კაბინეტში, უფრო ფეხებს ვასაქმებთ, ვიდრე - გონებას. სწორედ ამიტომ არის საჭირო ვითარების შეცვლა.” - განაცხადა აფხაზების ლიდერმა.
რაც შეეხება, მინისტრებისა და სხვა თანამდებობის პირების მოსალოდნელ გადაყენებას, ხაჯიმბას თქმით, ხანდახან რადიკალური ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია და უახლოეს პერიოდში, აფხაზები ხმაურიან გადადგომებს უნდა ელოდონ.
,,იმ უწყებების ხელმძღვანელი პირები, სადაც ეფექტურად არ მუშაობენ, თავინთი რანგის მიუხედავად, პოსტებიდან გათავისუფლდებიან.” - აღნიშნა მან.