ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მომავალ კვირას ადიღეას ეწვევა, სადაც სოხუმსა და მაიკოპს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადიღეას რესპუბლიკის მეთაური ასლან თხაკუშინოვი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მაიკოპში ხაჯიმბას ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
როგორც თხაკუშინოვი წერს, მან ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს მოწვევა გაუგზავნა.
,,სახელმწიფოს მეთაურის რანგში, ეს იქნება ხაჯიმბას პირველი ოფიციალური ვიზიტი ადიღეაში.” - აცხადებს ის.
რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, აფხაზ და ადიღ ხალხს ,,საერთო ფესვები და მჭიდრო კავშირი” აქვთ და მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებში მრავალი თემაა განსახილველი.
თხაკუშინოვი აღნიშნავს, ასევე, რომ რაულ ხაჯიმბას სტუმრობისთვის მაიკოპში საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა მზადდება.