ადგილობრივ მოსახლეობასთან და საზოგადოების წევრებთან შესახვედრად, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხვალ გალის რაიონში ჩავა.
,,დახურული თემები არ არსებობს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ყველაფერზე, რაც ჩვენს სახელმწიფოს აწუხებს.” - განაცხადა ხაჯიმბამ სოხუმში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მისი თქმით, სხვა რაიონებთან შედარებით, ,,ქვეყნისთვის” განსაკუთრებულ ადგილს გალის რაიონი იკავებს, სადაც მრავალი პრობლემაა დაგროვილი.
ხაჯიმბას განცხადებით, უპირველესად უნდა მოგვარდეს გალის რაიონის მოსახლეობის უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და განათლების საკითხები.
,,მე ვნახე წიგნები, რომლითაც გალის რაიონის მოსაწავლეები ხელმძღვანელობენ. ამ სახელმძღვანელოებში ხატია რუსული დათვი, რომელიც საქართველოს და აფხაზეთს ერთმანეთისგან გლეჯს. ასეთი იდეოლოგია ჩვენთვის მიუღებელია.
ეს სახელმძღვანელოები უნდა შეიცვალოს. საჭიროა, ახალი წიგნები დაიბეჭდოს და გამოიცეს აფხაზეთში.
რაიონში არიან პედაგოგები, რომლებიც ხელფასს იქით მხარეს იღებენ. ეს ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებშიც არის ასახული.” - აღნიშნა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, ვითარების ერთ საათში გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ იმისათვის, რომ ყველაფერი თანადათან შეცვალოს, აუცილებელია საზღვრის დაცვის და უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და მოსახლეობისთვის სოციალური წესრიგის შექმნა.
რაც შეეხება რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, ე. წ. პრეზდინეტმა განაცხადა, რომ ისტორიულად ეს იყო სოფლის მეურნეობით განთქმული რაიონი და ამ სფეროს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა გალში, სადაც ჩაი, ბოსტნეული და თხილი მოჰყავთ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ ახსენა საზღვრის კონტროლის გამკაცრება.
,,10-15 ათასი ტონა თხილი, თითქმის, ყოველწლიურად აფხაზეთიდან საქართველოში გადადის. ამ გზით, რაიონის ბიუჯეტი მნიშვნელოვან საშემოსავლო გადასახადს კარგავს.” - აღნიშნა ხაჯიმბამ.