ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იტალიაში მაურო მურჯიამ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს უძველესი გეოგრაფიული რუკები აჩუქა.
მურჯიას თქმით, მან 1963, 1725, 1828 და 1888 წლებით დათარიღებული კავკასიის 4 რუკა ლონდონის ერთ-ერთ ანტიკვარიატის მაღაზიაში ნახა და შეიძინა.
,,როცა პირველად ვნახე ეს რუკები, გავოცდი. მათში აფხაზეთი იმ საზღვრებში იყო მოქცეული, რომელშიც ის დღეს არის. პირადად ჩემთვის, ამ აღმოჩენის შემდეგ უფრო ადვილი გახდა მუშაობა.
იტალიაში მუშაობის დროს მიწევს ადამიანებს ავუხსნა, როგორი ქვეყანაა აფხაზეთი და ვინ არიან აფხაზები.
რუკების ორიგინალები აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში დარჩება, ასლები კი სკოლებსა და უნივერსიტეტებში უნდა დაკიდოს, რათა აფხაზებმა ნახონ, როდიდან არსებობდა მათი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე.” - განაცხადა მურჯიამ.
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალეკო გვარამიას განცხადებით, ეს რუკები აფხაზეთის მეცნიერებისა და ისტორიისთვის შეუფასებელი საჩუქარია.
,,ის რუკები, რომლებიც დღეს ჩვენ საჩუქრად მივიღეთ, ამ საკითხზე მომუშავე ნებისმიერი მეცნიერის სულს ბალზამივით დაედება. იმიტომ, რომ აქ აშკარად თვალსაჩინოა ის ფაქტი, რის დამტკიცებასაც ჩვენი მეცნიერები უმძიმეს პირობებში ცდილობდნენ.” - აღნიშნა გვარამიამ.