ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულების გამზადებულ დოკუმენტზე ხელი 11 მარტს, მოსკოვში უნდა მოეწერათ, თუმცა ეს აქტი გაურკვეველი დროით გადაიდო.
კრემლის მსგავსი გადაწყვეტილება ცხინვალის რეჟიმისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
ამის შესახებ ინტერნეტპორტალი ,,ossetia.ru” იუწყება.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ფაქტის გამო ხელმოწერის ცერემონიალისთვის მოსკოვში უკვე ჩასული ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლები გაკვირვებას ვერ მალავენ.
მათთვის უცნობია, რა მიზეზით ან როდემდე გადადო კრემლმა დოკუმენტზე ხელისმოწერა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ტასოევმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდარის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ფლობს, მაშინ, როცა რუსეთთან დასადები ხელშეკრულების ვარიანტის შემუშავებაში ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
ფაქტთან დაკავშირებით,კომენტარს არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აკეთებენ.
,,ossetia.ru” - ს ჟურნალისტების განმარტებით, ამ უწყებას კითხვების უპასუხოდ დატოვება არ ახასიათებს და ეს ყოველივე ვითარების სპონტანურობაზე მიანიშნებს.