ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე ოფიციალურად მიიწვიეს.
ამის შესახებ აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასტამურ ტანიამ განაცხადა.
,,პრეზიდენტი მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავ ზეიმზე მიიწვიეს და ის აუცილებლად წავა.” - აღნიშნა ტანიამ აფხაზ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო თარიღის აღნიშვნას ოკუპირებულ აფხაზეთშიც ზეიმით აპირებენ.
ამ მიზნით სოხუმში შესაბამისი კომისია უკვე შეიქმნა.
ამ დროისთვის აფხაზეთში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ძეგლებისა და მემორიალების დასუფთავება და მოწესრიგება მიმდინარეობს.
1941-45 წლების მეორე მსოფლიო ომში აფხაზეთიდან, თითქმის, 55 ათასი ადამიანი იყო გაწვეული. აქედან 17 ათასზე მეტი ბრძოლაში დაიღუპა.
დღეისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მხოლოდ 73 ომის ვეტერანია (ძირითადად აფხაზი ეროვნების) დარჩენილი.