12 მარტს, ხუთშაბათს, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ-ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც დარგობრივი ბლოკის მინისტრებს მოუსმენენ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.
როგორც საგანელიძე აცხადებს, კარგი იქნება, თუკი პარლამენტში 12 მარტს დანიშნულ საკომიტეტო მოსმენას ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ კვირას კომიტეტები სრული დატვირთვით იმუშავებენ.
ამას გარდა, კვირის დამლევს, ფინანსთა და ეკონომიკის პროფილის სამინისტროების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით, კომიტეტის გაფართოებული სხდომის ფორმატში გაიმართება მოსმენა, რომელზეც ქვეყანაში შექმნილი ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ იმსჯელებენ.