ოკუპირებული აფხაზეთის წყლებში თურქული თევზსაჭერი გემების შესვლა ბიჭვინთისა და ლიძავას მოსახლეობის შემდეგ ქალაქ გაგრის მკვიდრებმაც გააპროტესტეს.
ამ მიზნით გაგრელებმა გუშინ აქცია გამართეს, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე საველი ჭითანავაც ესწრებოდა.
,,10 მარტს მე გამოვცემ განკარგულებას, რომლის ძალითაც აფხაზეთის შავი ზღვისპირეთში 2015 წლის განმავლობაში კომერციული თევზჭერა აიკრძალება.” - განუცხადა საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს ჭითანავამ.
გაგრელების თქმით, მათი რაიონის აკვატორიაში თურქული სეინერების მიერ თევზჭერის განხორციელება ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.
ამ აზრს იზიარებს ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი გაგრის რაიონიდან ალექსანდრ საროკინიც.
,,ბრაკონიერული თევზჭერის გაგრძელება მომავალში ეკოლოგიურ პრობლემებს გვიქადის.” - აღნიშნა მან.
რამდენიმე დღის წინ, მსგავსი აქცია ქალაქ ბიჭვინთაში ბიჭვინთისა და სოფელ ლიძავას მოსახლეობამაც გამართა, რომლის ორგანიზატორებმაც მათ აკვატორიაში თევზჭერის აკრძალვა მოითხოვეს და თურქული სეინერების მოქმედებას ბრაკონიერება უწოდეს.
თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მურმან სოლომკომ განაცხადა, რომ თურქული თევზსაჭერი გემები აფხაზეთის წყლებში თევზჭერას კანონის ფარგლებში ახორციელებენ.