4 მარტი ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გარდაცვალების და მეორე პრეზიდენტის, სერგეი ბაგაფშის დაბადების დღეა.
მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოკუპირებული აფხაზეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და აფხაზური საზოგადოების წევრების მიერ საფლავების მონახულებით და ყვავილებით შემკობით დაიწყო.
თავდაპირველად მათ სოხუმის რაიონის სოფელ ზემო ეშერაში ვლადისლავ არძინბას საფლავი მოინახულეს და პატივი მიაგეს, როგორც თავად უწოდებენ, ,,აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლის“ ხსოვნას.
ე. წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ყველაზე რთულ პერიოდში აფხაზი ხალხის გაერთიანებაში არძინბას ღვაწლი შეუფასებელია.
ვლადისლავ არძნიბა 1945 წელს სოფელ ზემო ეშერაში დაიბადა. პროფესიით ისტორიკოსი, წლების განმავლობაში მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მუშაობდა. აფხაზეთში 1987 წელს დაბრუნდა და ცოტა ხნის შემდეგ აფხზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
1992-93 წლებში, საომარი კონფლიქტის პერიოდში აფხაზურ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა.
1994 წელს ის ოკუპირებული აფხაზეთის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს.
1999 წელს ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ (დაავადებული იყო ალცეიმერით) 2010 წლის 4 მარტს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე მისმა შემცვლელმა, 1949 წლის 4 მარტს დაბადებულმა სერგეი ბაგაფშმა აფხაზ ხალხს თავი იმით დაამახსოვრა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთმა მისი მმართველობის დროს შეძლო.
სერგეი ბაგაფში ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტად ორი ვადით, 2005 და 2009 წელს აირჩიეს.
მეორე ვადის ამოწურვამდე, ბაგაფში მძიმე ავადმყოფობის შედეგად 2011 წლის 29 მაისს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაკრძალულია ოჩამჩირის რაიონის მშობლიურ სოფელ ჯგერდაში.
სწორედ იქ მიაგეს პატივი სერგეი ბაგაფშის ხსოვნას ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურმა ელიტამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
საფლავების მონახულების შემდეგ ყოფილი ,,პრეზიდენტების“ ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სოხუმში გაიმართა.