ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას თქმით, იდეოლოგიასთან დაკავშირებით, გალის რაიონში განსაკუთრებული პრობლემა სასწავლო დაწესებულებებში არსებობს, რადგან ძალიან ბევრ სკოლაში მოსაწავლეები განათლებას საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოების საშუალებით იღებენ.
,,ეს ბავშვები ქართულ იდეოლოგიას ატარებენ და მათი ხედვა აფხაზეთთან მიმართებაში ქართული მხარის იდენტურია.
გალელ მოსწავლეებს მათი პედაგოგები საქართველოს პატრიოტებად ზრდიან, რომლებმაც მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად უნდა იბრძოლონ.
გალის რაიონის სკოლების დამთავრების შემდეგ ჩვენი ახალგაზრდები სასწავლებლად თბილისში მიდიან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იდეოლოგიურად ჩვენ ბევრ სოფელში ვაგებთ.”- განაცხადა ნადარაიამ აფხაზურ პრესასთან საუბარში.
მისი თქმით, აფხაზეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო პროგრამა უნდა შექმნას და ყველა ის ზომა გაითვალისწინოს, რაც გალის რაიონში უნდა გატარდეს, რათა მომავალი თაობები აფხაზეთის სიყვარულით გაიზარდონ.
,,მე არც განათლების სპეციალისტი ვარ და არც ექსპერტი, მაგრამ ძალიან კარგად მესმის, რომ ჩვენი სასწავლო დაწესებულებები საქართველოს გავლენისგან მაქსიმალურად უნდა დავიცვათ.
ამისთვის შევეცდებით, გალის რაიონის მოსახლეობა ქართული საინფორმაციო სივრციდან გამოვიყვანოთ, ვინაიდან ეს იმდენად საინფორმაციო სივრცე არ არის, რამდენადაც იდეოლოგიური და მათ საღ ალტერნატივას შევთავაზებთ.
სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წელს გალში ახალი, ადგილობრივი სატელევიზიო არხი გაიხსნება, რომელიც გალის რაიონში რუსულ, აფხაზურ და მეგრულ ენებზე იმაუწყებლებს.
ეს არხი საშუალებას მოგვცემს, მოსახელობასთან მჭიდრო კონტაქტში ვიყოთ და საქართველოს მხრიდან მათ იდეურ დამუშავებას სატანადო წინააღმდეგობა გავუწიოთ.” - აღნიშნა თემურ ნადარაიამ.