„პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში 18 მარტს შედგება, ეს არის შეჯერებული, შეთანხმებული თარიღი",-ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თარიღის შესაჯერებლად კონსულტაციები გაიმართა.
„პრეზიდენტის მოსვლა საქართველოს პარლამენტში, რომელიც დაგეგმილია საგაზაფხულო სესიისთვის, გახდა გარკვეული მითქმა-მოთქმის საგანი. როგორც ადრეც არაერთხელ განვაცხადეთ ამის თაობაზე იყო კონსულტაციები, უშუალოდ პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან, რათა შეგვეჯერებინა მზაობა პრეზიდენტისაც და პარლამენტისაც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის და ამ წუთის მდგომარეობით, შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ შევჯერდით თარიღზე - ეს იქნება 18 მარტი",- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის განცხადებით, გამოსვლის ფორმატსა და სხვა დეტალებზე პარლამენტის შეკრებისა და უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციების შედეგად შეჯერდებიან.
,,რაც შეეხება გამოსვლის ფორმატს და სხვა დეტალებს, ჩვენ ამაზე შევჯერდებით მას შემდეგ, რაც შეიკრიბება პარლამენტი, იქნება კონსულტაციები უმცირესობასა და უმრავლესობას შორის და მოვემზადებით ამ დღის ღირსეულად ჩასატარებლად",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.