ოკუპირებული აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევები, მოსახლეობისთვისუმთავრეს სოციალურ პრობლემად იქცა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ავტომანქანების რიცხვის ზრდა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების უპასუხისმგებლობაა. არაფხიზელ მდგომარეობაში, კერძოდ კი, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნამ გამოიწვია, სავარაუდოდ, ის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც 9 დეკემბერს აფხაზეთში, ,,ენგური-ფსოუს" ავტომაგისტრალის 120-ე კილომეტრზე მოხდა.
დრანდიდან სოხუმისკენ მიმავალი ,,მერსედესის" მარკის მძღოლი, რომელსაც 19 წლის არტურ არშბა მართავდა, საპირისპირო მხრიდან მომავალ ,,ვაზ 21-07" მარკის მანქანას შეეჯახა.
შეჯახების სიმძლავრის გამო ,,ვაზ 21-07" - ს ცეცხლი გაუჩნდა, სალონში მსხდომი სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიწვა, ხოლო მძღოლი სოხუმის ცენტრალურ საავადამყოფოში მიყვანის შემდეგ, საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.
,,მერსედესის" მარკის ძღოლის და ორი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფხაზი ექიმები ამ დრომდე სტაბილურად მძიმედ აფასებენ.
აფხაზი სამართალდამცავების ვარაუდით, ავტოავარია სწორედ ,,მერსედესის" მძღოლის სწრაფმა მოძრაობამ გამოიწვია, რომლის სამედიცინო ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადასტურა, რომ ის ნარკოტიკული ნივთიერება ,,მარიხუანას" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
9 დეკემბერსვე, შუადღისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოხუმის ცენტრშიც, ოქტომბრის (ამჟამად აკადემიკოს სახაროვის) ქუჩაზე. ,,ლექსუსის" მარკის ჯიპმა ჯერ ფეხით მოსიარულე სამი პიროვნება გაიტანა და შემდეგ განათების ბოძს შეეჯახა.
დაზარალებულთაგან ორი ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმის პროკურატურის თანამშრომლები არიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აფხაზური საზოგადოების წევრები მსგავსი ტრაგიკული სტატისტიკით შეშფოთებულები არიან და ამბობენ, რომ ავტოავარიები აფხაზი ერისთვის ყველაზე დიდ უბედურებად იქცა.
სოხუმის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-ნეიროქირურგის ასტამურ გამგიას თქმით, დღე არ გავა, მათთან მძიმე ტრამვებით აფხაზი ეროვნების მოქალაქეები არ მიიყვანონ.
,,კარგა ხანია, ვაკვირდები. თუ ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, მასში მხოლოდ აფხაზი ეროვნების ადამიანები მონაწილეობენ. თუ მანქანით დაჯახებაა, აფხაზი ეჯახება აფხაზს ან ეჯახება ხეს, ან ეჯახება ძროხას.
ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ავტოავარიისას აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანი დამნაშავე ან დაზიანებული ყოფილიყოს." - აღნიშნა ასტამურ გამგიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.