9 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების მიერ ფლორენციაში ჩატარებული უორქშოფის პრეზენეტაცია გაიმართა. უორქშოფის თემაა - „Colors in Fashion". პრესკონფერენციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი, პროფესორი ნანა იაშვილი და ფლორენციის უნივერსიტეტის წარმომადგენელი პაოლა პუმა უძღვებოდნენ.
პრესკონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი მინისტრმა მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
23 ნოემბერს, ქალაქ ფლორენციაში 2014 წლის საერთაშორისო სიმპოზიუმ Costum Colloquium IV- ის ფარგლებში ჩატარდა ორი უორქშოფი.
პროექტი განხორციელდა კულტურის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით, თსს აკადემიასა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის გაფორმებულიმემორანდუმის საფუძველზე. ჩატარებული უორქშოფის მოდერატორი და ხელმძღვანელი გახლდათ საერთაშორისო ექსპერტი, აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ნანა იაშვილი, პროფესორი პაოლა პუმა - ფლორენციის უნივერსიტეტი, პროფესორი და მოდის კველვითი ცენტრის დირექტორი გილიონ კარარა - ჩიკაგოს ინსტიტუტის მოდის კვლევითი ცენტრი.
პროექტის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა თავინთი ნამუშევრებისა და შემოქმედებითი უნარების წარდგენის გზით შეაბიჯონ პროფესიულ სამყაროში, თვითონვე შექმნან სამომავლო პერსპექტივები კარიერისათვის და ეს მოხდეს მათთვის მეცნიერებისა და პრაქტიკოსების მხრიდან პროფესიონალური და ადამიანური გამოცდილების გაზიარების გზით.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს უწყობს, როგორც სტუდენტთა ინფორმირებულობის ამაღლებას და მათი პროფესიონალიზმის ზრდას, ასევე ქართული მოდის დიზაინის სკოლის პოპულარიზაციას და ინტეგრაციას საერთაშორისო ასპარეზზე. გამომდინარე იქედან, რომ ეს სიმპოზიუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, იგეგმება მომავალ სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება უკვე ახალ თემებზე მუშაობით წარჩინებული სტუდენტების ჯგუფთან,კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციების დამყარების, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და კულტურული დიალოგის გამართვის მიზნით.