ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე სურვილი გამოთქვა, გააუმჯობესოს სტრატეგიული პარტნიორობა რეგიონთან, რომლის მეშვეობითაც ევროპის ბაზრებს ენერგორესურსები კასპიური მილსადენით მიეწოდება. ამისთვის კი საუკეთესო საშუალება სწორედ რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა იქნება.
,,სხვა პარტნიორებთან ერთად შესაძლებლად მიგვაჩნია, ვიფიქროთ ისეთი პროექტის განხორციელებაზე, როგორიც სოხუმი-თბილისის ტრანზიტული სარკინიგზო მიმოსვლა იქნება". - განაცხადა პუტინმა სოჭში მიმდინარე შეხვედრაზე.
მისი თქმით, ასეთი პროექტი რეგიონში ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ურთიერთობის პირობებს გააუმჯობესებს. თანაც ეს სარკინიგზო მაგისტრალი სომხეთსა და რუსეთსაც დააკავშირებს ერთმანეთთან.
შეგახსენებთ, სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც რუსეთს სოჭიდან სოხუმის გავლით, თბილისთან აკავშირებდა საბჭოთა დროიდან არსებობდა.
1992-93 წლის კონფლიქტის შემდეგ, სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა.
დღეისთვის, მხოლოდ სოჭიდან სოხუმამდე მონაკვეთია აღდგენილი და ამ მიმართულებით ერთი ელექტრომატარებელი მოძრაობს.