აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს დილით საგანგებო ბრიფინგი გამართა და აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.
ამ დროისათვის ელექტრო ენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. ხულოს მუნიციპალიტეტში გათიშულია 5 215 აბონენტი, შუახევში 4 159 და ქედაში 413 აბონენტი. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაობი.
გამორთულია ჩაქვისა და ჩაისუბნის სასმელი წყლის სათავე ნაგებობები, წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის მომსახურე აბონენტებს, ბენზე-ბონი- გოროდოკის დასახლებებს, ელოდებიან წყლის დაწმენდას.
რაც შეეხება გაზის მიწოდებას, გუშინ სარფში ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა მილსადენი და 30- აბონენტი გამორთულია.
გუშინ ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობდა შერეული კომისია. ამ დროისათვის ყველაზე რთული სიტუაცია მაღალმთიან რაიონებში გვაქვს. ეხლახანს ვესაუბრეთ "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებს, დღის ბოლომდე მაღალმთიან სოფლებს აღუდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება.
ქედაში მეწყერული მოვლენებს ჰქონდა ადგილი, შესაძლოა კიდევ განმეორდეს. მიმდინარეობს მონიტორინგი, ტექნიკა მობილიზებულია.
ხულოსა და ქედაში ამ დროისათვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დაბაში თოვლის საფარი 10-20 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 70-80 სმ-ს. სავარაუდოდ ინტენსიური თოვის გამო, გოდერძის უღელტეხილის გაწმენდა არ მოხდება და ჩაიკეტება. გზების გაწმენდას დანისპარაულამდე ვაპირებთ.
ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში რამდენიმე სახლი დაიმეწყრა. ოჯახები გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ყველა შიდა-სასოფლო გზაზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ გაწმენდილია ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ჩამოწოლილი მეწყერი და გზა გახსნილია.
მთავრობის და მუნიციპალიტეტების შესაბამისი უწყებები მობილიზებულია და სრულ მზადყოფნაში არიან საჭიროების შემთხვევაში აღმოფხვრან ლოკალური პრობლემები. ისევ მუშაობს აჭარის მთავრობის ცხელი ხაზი. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და გვაცნობოს პრობლემის შესახებ ნომერზე: 27-20-01. ყველა ზარზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდება.