კახეთის რეგიონში 115 ათასი ტონა ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 155 მილიონი ლარი შეადგინა,-ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა კახეთში სტუმრობისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, დღეს კახეთის რეგიონში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი რთველს დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
პრემიერმა წლევანდელ რთველს უპრეცენდენტო უწოდა. მისივე თქმით, რეგიონში ამ დროისთვის 115 ათასი ტონა ყურძენია დაკრეფილი, გაცემულმა თანხამ კი ჯამში 155 მილიონი ლარი შეადგინა.
„დღეს ერთგვარად რთველის სიმბოლური შეჯამება გვაქვს და მიმაჩნია, რომ წელს საუკეთესო რთველი და საუკეთესო წელი იყო, ვინაიდან გლეხები, მევენახეები ძალიან ბედნიერები, კმაყოფილები არიან. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე კახეთში 115 ათასი ტონა ყურძენია მოკრეფილი, ამაში რაჭის მოსავალი არ შედის, რამაც ჯამში 155 მილიონი ლარი შეადგინა. ეს უპრეცედენტო, წარმატებული რთველია, რაც მთავარია ეს დიდი მოტივაცია, სტიმულის მიმცემია გლეხებისთვის. 4 ათას ჰექტარზე უკვე გაშენდა ახალი ვენახი, რაც სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ გლეხს გაუჩნდა მოტივაცია და სურვილი, რომ ვენახი გააშენოს. არიან ოჯახები, რომლებმაც 10, 20, 50 და 100 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. სოფლებში ეს ძალიან დიდი დახმარებაა," - განაცხადა ღარიბაშვილმა.