საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩავიდა, სადაც შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვარამაძესთან ერთად, საქართველო-თურქეთის საზღვარზე გაეცნო „კარწახის" საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა. საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას.
„ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო პუნქტი, ვინაიდან ის უმოკლესი მანძილით დააკავშირებს თურქეთის ცენტრალურ რაიონებს საქართველოსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და რუსეთთან. ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან ტვირთბრუნვას. ჩვენი მხრიდან უკვე მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები და მალე, ქართული მხრიდან საბაჟო მზად იქნება ფუნქციონირებისთვის. როგორც კი თურქეთი შეძლებს თავის მხარეს გახსნას საბაჟო-გამშვები პუნქტი, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში დავიწყებთ მუშაობას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ზურაბ ახალკაციშვილთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსაც ესტუმრა. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დახმარებით, მათ საჩუქრად შეშა, საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცათ.