ერგნეთში ჩატარებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის 48-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი განიხილა. სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი აცხადებს, რომ განხილულ იქნა სასკოლო ასაკის ბავშვების სკოლაში გადაადგილების საკითხი, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ტექნიკური დეტალების მოგვარებაა საჭირო, რისთვისაც ოსურმა მხარემ დრო ითხოვა.
ამას გარდა, რატიანის თქმით, შეხვერაზე ასევე განხილულ იქნა საკითხი ახალგორის მიმართულების გადაადგილებასთან დაკავშირებით.
„ეს საკითხი მათ ჯერ კიდევ განხილვის სტადიაში აქვთ და ჩამოყალიბებული არ არიან. მაგრამ გადმოგვცეს საბუთები, რომლებიც არეგულირებს გადაადგილებას და მოძრაობას ამ მიმართულებით. ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავთ, ვნახავთ",_ აცხადებს რატიანი სააგენტოსთან საუბარში და აღნიშნავს, რომ დღევალდელ შეხვედრაზე საუბარი რა თქმა უნდა ასევე შეეხო ცხინვალის ციხეში მყოფ, საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს.
„თუმცა დღესდღეობით სხვა საკითხებს დავუთმეთ უფრო მეტი ყურადღება, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადში ცვლილება, როგორც ასეთი არ არის", _ აცხადებს გოჩა რატიანი.
აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრაზე ქართვლმა მხარემ ოს სეპარატისტებს თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის საფოსტო ურთიერთობის, გზავნილების, წერილების მიმოსვლის აღდგენისათვის ახალი მექანიზმის შექმნა შესთავაზა. ამ საკითხს სეპარატისტები ამ შეხვედრაზე არ შეხებიან.
რატიანი ასევე აცხადებს, რომ დღის წესრიგში ასევე იდგა სოფელ ღოღეთში არსებული მიწის ნაკვეთებისა და სოფელ კოშკაში მდგარი წყალმომარაგების საკითხები, თუმცა ვერავითარი შესამჩნევი პროგრესი ამ მიმართულებით შეხვედრაზე ვერ იქნა მიღწეული.
ერგნეთში მომდევნო - 49-ე შეხვედრა 21 ოქტომბერს გაიმართება.