კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი დავით ზურაბიშვილი შს მინისტრის ალექსნდრე ჭიკაიძის ,,ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ პოლიციის საქმეა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კრიმინალთან ბრძოლა. პოლიციის საქმე არ არის იმის გარკვევა, შეგნებულად ამუქებს ვინმე სიტუაციას თუ არა.
,,არ შემიძლია ამ ე. წ. შეთქმულების თემას არ გამოვეხმაურო. შსს მინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს კონკრეტული დავალებები მისცა, რათა შეიქმნას კარგად ორგანიზებული მობილური ჯგუფები, რომლებმაც (ციტატა) "უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის, პოლიციის თვალწინ შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემის მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა; გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვის პროვიცირება, შექმნან ქაოსური ვითარება. მათი მიზანია, შექმნან ნეგატიური ფონი, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში"ახლა, საქმე რაშია: ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ეს ასე იყოს. უფრო მეტიც, რამდენადაც მე ,,ნაცმოძრაობის" ლიდერებს ვიცნობ (და საკმაოდ კარგად ვიცნობ), ასეთი პროვოკაციული და არცთუ კეთილშობილური ქმედებები მათ სტილში ორგანულად ჯდება, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ ეს არ არის შეთქმულება. ამაში არ არის არაფერი უკანონო. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ პოლიტიკური მეთოდებით და არა პოლიციით და უშიშროებით. ფერების გამუქება, ნაკლოვანებების გაბერვა, ბუზის სპილოდ გადაქცევა და ა.შ. ტიპის მცდელობები (და რაც ჭიკაიძემ ჩამოთვალა, სწორედ ესაა) შესაძლოა არ მოგვეწონოს, მაგრამ არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. პოლიციის საქმეა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და კრიმინალთან ბრძოლა. პოლიციის საქმე არ არის იმის გარკვევა, შეგნებულად ამუქებს ვინმე სიტუაციას თუ არა. ცოტა უხერხულიც კი მგონია ასეთ ელემენტარულ რაღაცეებზე ლაპარაკი, მაგრამ როგორც ჩანს. საჭიროა და საჭიროა იმიტომ, რომ როდესაც ხდება პოლიტიკური ბრძოლის თანაც მწვავე და პროვოკაციული ფორმების გამოცხადება შეთქმულებად და კრიმინალად, ამის გარდუვალი შედეგი არის სწორედ ის, რასაც ჰქვია (კვლავ ციტატა) "ნეგატიური ფონი, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში", _აცხადებს ზურაბიშვილი.
შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კივსა და თურქეთში გამართულ შეხვედრებზე ,,ნაცმოძრაობის" წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებს ქვეყანაში 500 კაციანი მობილური ჯგუფების შექმნა დაავალა რომლის მიზანი საქართველოს დესტაბილიზაცია იქნება.
,, ჩემთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალება ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერებს. Eეს დავალებები გაიცა თურქეთისა და კიევის შეხვედრებზე. სააკაშვილს მიცემული აქვს დავალება, რომ შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500 კაციანი მობილური ჯგუფები. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ. მოახდინონ პოლიციის პროვიცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმნან ა ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში", - აცხადებს ჭიკაიძე ,,ალიასთან" ინტერვიუში.