დღეს, 27 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზ "ფიროსმანში", აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის 23 მხატვრის შესრულებული 50-მდე ნამუშევარი გამოიფინება.
აფხაზეთის მხატვრების შემოქმედება არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ცნობილ გალერეებსა თუ კერძო კოლექციებშიც გამოიფინება. ამჟამად ჰოლანდიაში მიმდინარეობს მხატვარ ავთანდილ შენგელიას ნამუშევრების გამოფენა. წელს ქალაქ ბერლინში, დავით ბაძაღუას 70-მდე ნახატის გამოფენა მოეწყო.
აფხაზეთის კულტურის დღეების ფარგლებში, პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქუთაიში საზოგადოების წინაშე მასშტაბურად წარდგნენ აფხაზეთის მხატვრები, სადაც მონაწილეობა სხვადასხვა თაობის მხატვრებმა მიიღეს.