სერბმა ჟურნალისტმა ცხინვალის რეგიონი მოინახულა. ბელგრადელი მიროსლავ ლაზანსკი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ყოფნის შთაბეჭდილებას თავის პუბლიკაციაში გადმოსცემს. იგი საუბრობს კავკასიის ქედის სამხრეთით მდებარე რესპუბლიკის წარმტაც ბუნებაზე, იქაურ მოსახლეობაზე და ისტორიაზე.
„სამხრეთ ოსეთს რუსეთთან მხოლოდ ერთი გზა აკავშირებს - როკის გვირაბი, რომელიც ღამ-ღამობით დიდი რკინის ალაყაფით იკეტება. კარს რუსეთის არმიის ქვედანაყოფების მუზარადიანი ჯარისკაცები იცავენ. ასე რომ, ცხინვალში მხოლოდ დღისით შეიძლება ჩასვლა", - წერს ჟურნალისტი და დასძენს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ისტორიულ თემებზე საუბარი ძალიან უყვართ.
„მითიურ მოვლენებზე სასაუბრო მართლაც ბევრია. ამბობენ, რომ ოკულტიზმით გატაცებულ ადოლფ ჰიტლერს სწორედ აქ ეგონა „სამოთხის შესასვლელის" არსებობა, ამიტომაც სურდა კავკასიის დაპყრობაო. ასევე ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ბრიტანელები კავკასიაში აჯანყებას ამზადებდნენ. აქ ხომ ნავთობის დიდი საბადოებია",_ წერს ლაზანსკი.
მისივე პუბლიკაციის მიხედვით, კავკასიას დასავლეთის სტრატეგიაში ამჟამადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
„სამხრეთ ოსეთში ყურადღებით ადევნებენ თვალს იმას, რაც უკრაინაში ხდება. აშკარაა, რომ რუსეთის დამარცხება ლუგანსკსა და დონეცკში აუცილებლად აისახება მოსკოვისა და ცხინვალის ურთიერთდამოკიდებულებაზე.
ვზივარ ცხინვალის ერთ-ერთ სახლის აივანზე და საქართველოსკენ ვიყურები, რომლიდანაც მხოლოდ ორი კილომეტრი მაშორებს. საღამოა. ვხედავ ცხინვალის ცაში აჭრილ განათებულ ბურთებს, რითაც მასპინძლები საქართველოსთან ექვსი წლის მომხდარ ომში გამარჯვებას ზეიმობენ. კავკასიის ამ კუთხეში ამჟამად სიმშვიდეა...", - წერს ავტორი სტატიის დასასრულს.