ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც რუსულ-ამერიკული ახალი სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ეხება უკვე შეთანხმებულია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია კრემლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ამ დოკუმენტის გაფორმების საბოლოო დროსა და ადგილს რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები განსაზღვრავენ.
რამდენიმე დღით ადრე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან კოგოუტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მიმართა პრაღის ხელისუფლებას და რუსეთთან ამ ახალი შეთანხმების პრაღაში გაფორმების უფლება ითხოვა. კოგოუტმა ვაშინგტონის ამ თხოვნაზე პრაღის თანხმობა დაადასტურა და დასძინა, რომ "პრაღა ამ დოკუმენტის გაფორმების ყველაზე მისაღები ადგილია".
აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის გაფორმება დიმიტრი მედვედევს კიევში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმაც შესთავაზა. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს შეთავაზება მოსკოვმა "ძალიან საინტერესოდ შეაფასა".
ამას გარდა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს დოკუმენტი შესაძლოა ხელმოწერილ იქნეს 12 აპრილამდე. ანუ იმ დრომდე როდესაც ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების შესახებ კონფერენცია გაიმართება.
ახალი დოკუმენტის პირობები 18 დეკემბერს ჟენევაში შეთანხმდა. ეს ინფორმაცია რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩოვმა დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას ვადა 2009 წლის დეკემბერში გაუვიდა. ეს დოკუმენტი 15 წლის განმავლობაში მოქმედებდა, თუმცა რუსეთმა და აშშ-მ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ახალი შეთანხმების ტექსტის შეჯერება ვერ მოასწრეს.