ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობას 160 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
მედიის ცნობით, ყველაზე მეტად ნეპალის რასუვის რაიონია დაზარალებული. სტიქიამ წაიღო სახლები, გზები, ხიდები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს რთული რელიეფი და დაზიანებული გზები ართულებს.
ნეპალის ტურიზმის საბჭოს წინასწარი მონაცემებით, 384 ტურისტთან კავშირი დაკარგულია, მათგან 291 უცხოელია. დაკარგულთა შორის არიან ინდოეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადის, სამხრეთ კორეისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ტიბეტის გირონგის რაიონში სამი ადამიანი დაიღუპა და 265 დაკარგულად ითვლება.
სტიქიის სავარაუდო მიზეზად მყინვარული ზვავი ან ყინულისა და ქანების მასის ჩამოშლა სახელდება, რომელმაც მდინარეში დიდი რაოდენობით მასალა ჩაყარა და უეცარი წყალდიდობა გამოიწვია