ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 95-ს მიაღწია. ამის შესახებ Reuters იუწყება
დაკარგულად ითვლება 384 ტურისტი და მოგზაური, მათგან 291 უცხოელია, 93 კი ნეპალის მოქალაქე.
დაკარგულთა შორის არიან 105 ინდოელი, ასევე ბრიტანეთის, აშშ-ის, მალაიზიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკისა და ნიდერლანდების მოქალაქეები.
სტიქიის ეპიცენტრი იყო რასუვის რაიონი, ნეპალ-ტიბეტის საზღვართან, მდინარე ბჰოტე კოშის ხეობაში. წყალმა წაიღო სახლები, ხიდები, გზები და ინფრასტრუქტურა.
ნეპალის ხელისუფლების წინასწარი შეფასებით, წყალდიდობა შესაძლოა თოვლისა და ქანების მასიური ჩამოშლის შედეგად განვითარებულიყო. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა თავდაპირველად 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ სეისმური ენერგია, სავარაუდოდ, მეწყერმა გამოიწვია და არა მიწისძვრამ.
სტიქიამ ტიბეტის ტერიტორიაზეც იმსხვერპლა ადამიანები. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, გირონგის რაიონში მეწყერმა გზები, კომუნიკაციები და ელექტრომომარაგება დააზიანა; Reuters-ის მიხედვით, ჩინეთის მხარეს სამი ადამიანი დაიღუპა და 265 დაკარგულად ითვლება.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ნეპალის არმია და ვერტმფრენები, თუმცა მთიან რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურა და რთული ამინდი ოპერაციას აფერხებს.