ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში საკმაოდ არაჯანსაღი ტენდენცია ფიქსირდება.
„სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მაჩვენებელი გეგმიურს საკმაოდ ჩამორჩება. ანუ რეალურად ხელისუფლება სრულფასოვნად ვერ ახერხებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, ეკონომიკისთვის ფულის მიწოდების თვალსაზრისით ორი პრობლემა გვაქვს. ერთია საბიუჯეტო პროექტები, რომელიც პირდაპირაა მიბმული გრანტებზე და ტრანშებზე და მეორე ეკონომიკური აქტიობა როგორც „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან ჩანს საგრძნობლადაა შემცირებული",- აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კალანდაძე.
მისი შეფასებით, რომ აპრილის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლოგიკური გამოძახილია იმ ქმედებისა, რაც 2013 წლის ბოლოს დაფიქსირდა.
„ეს არის ძალიან ლოგიკური და მოსალოდნელი შედეგი. პირველი კვარტლის შედარებით მაღალი მაჩვენებლები განპირობებული იყო იმით, რომ 2013 წლის ბოლოს ეკონომიკაში ფულის ძალიან დიდი მასა იყო გაშვებული. ამას ცხადია უარყოფითი შედეგებიც მოყვა, მაგრამ ფულმა პირველ კვარტალში რეალურად იმუშავა. თუმცა პირველი კვარტლის შემდგომ ფულის მასამ თავისი რეალური რესურსი ამოწურა, ანუ ის რესურსი რამაც პირველ კვარტალში ზრდის მაჩვენებლის დაფიქსირება უზრუნველყო. ბუნებრივია, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის რეალურ მაჩვენებელს დაუბრუნდა, ანუ 2,7%-ს. თუ დავაკვირდებით სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს დავინახავთ, რომ დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა თუ იანვარ-მარტში ბრუნვა 14-15-18 %-ის ფარგლებში ფიქსირებოდა, 4 ჯერ შესრულდა აპრილში. ანუ ეკონომიკური აქტიობა პირდაპირ იყო მიბმული იმ ფულის მასაზე რომელიც 2013 წლის ბოლოს მიმოქცევაში გაშვებული და რომელმაც გარკვეული პოზიტიური ეფექტი პირველ კვარტალში მოიტანა",- აცხადებს აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლევან კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ „საქსტატის" წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,7 პროცენტი, ხოლო 2014 წლის I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა.